სისტემა უნდა ერგებოდეს კომპანიას და არა კომპანია - სისტემას

დღეს რეკრუტინგი მხოლოდ კანდიდატების მოძიება აღარ არის. ის პროცესების მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და კანდიდატის გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ, გამართული რეკრუტინგის სისტემა უკვე არა უბრალოდ ინსტრუმენტი, არამედ სტრატეგიული ინფრასტრუქტურაა.

როდესაც შერჩევის პროცესი ერთიან ციფრულ სივრცეში მიმდინარეობს, ქაოსი მცირდება, კომუნიკაცია უფრო სტრუქტურირებული ხდება და გუნდს მეტი დრო რჩება რეალურ ღირებულებაზე - ტალანტების აღმოჩენასა და შეფასებაზე. ეს პირდაპირ აისახება დამსაქმებლის ბრენდზეც: დროული უკუკავშირი და გამჭვირვალე პროცესი კანდიდატებისთვის სანდოობას ქმნის.

სოფტის გარეშე რეკრუტინგი ხშირად Excel-ებში, ელფოსტებსა და სხვადასხვა არხში ნაწილდება. შედეგად იზრდება ინფორმაციის დაკარგვის, კომუნიკაციის დუბლირების ან პროცესის დაგვიანების რისკი. ასეთ პირობებში რეკრუტერის დრო ძირითადად ადმინისტრაციულ ამოცანებზე იხარჯება და არა ადამიანებთან რეალურ მუშაობაზე.

სწორად შერჩეული სისტემა პროცესს რეალურად ამარტივებს, თუ ის:

- მოქნილია და მარტივად ერგება სხვადასხვა პოზიციასა და კომპანიის საჭიროებებს;

- აერთიანებს ვაკანსიების განთავსებას სხვადასხვა არხზე ერთ სივრცეში;

- ამარტივებს სტატუსების მართვასა და კანდიდატებთან კომუნიკაციას;

- თანაბრად მოსახერხებელია როგორც რეკრუტერისთვის, ისე Hiring Manager-ისთვის.

პრაქტიკაში ხშირად სისტემის პოტენციალი ბოლომდე არ გამოიყენება. ის მხოლოდ რეზიუმეების საცავად რჩება. მაგრამ ციფრულ ტრანსფორმაციას შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა პარალელურად პროცესებიც ოპტიმიზირდება. ტექნოლოგია ქაოსს ვერ „დაალაგებს“, თუ თავად პროცესი არ არის გააზრებული.

როცა სისტემა სწორად მუშაობს, რეკრუტერის ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად იცვლება:
👉 ნაკლები მანუალური სამუშაო;
👉 იზრდება კანდიდატებთან ხარისხიანი კომუნიკაციის დრო;
👉 გადაწყვეტილებები უფრო მონაცემებზე დაფუძნებული ხდება.

საბოლოოდ, ეს ქმნის იმას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -  სტრუქტურირებულ, პროფესიონალურ და ადამიანზე ორიენტირებულ რეკრუტინგის გამოცდილებას, როგორც გუნდისთვის, ისე კანდიდატებისთვის.